პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ოპოზიციის პროვოკაცია უწოდა და პასუხისმგებლობაც ოპოზიციას დააკისრა.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნება, დაპირისპირებებზე პასუხისმგებლობის აღების მაგივრად, ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ყველაფრის გადაბრალებას მათზე ცდილობს.
"კობახიძის პათოსია, რომ თითქოს ყველაფერი არის ოპოზიციის ბრალი. მან საბოლოო ჯამში მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანა ოპოზიციაზე. ამ ხალხს არ ესმის, რომ ისინი არიან ხელისუფლებაში და ნებისმიერ რამეზე, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოზე და წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. საითკენაც არ უნდა გაიშვირონ თითები, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე კობახიძის განცხადებას, "ადამიანების გისოსებში აღმოჩენასთან დაკავშირებით", ჯაფარიძე მოსალოდნელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ბოლომდე არ შეუსრულებია 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
"რაც შეეხება მისი განცხადების იმ ნაწილს, რომ ვიღაცები შეიძლება აღმოჩნდნენ ციხეში, არაფერი არ არის გამორიცხული, მათ ჯერ კიდევ არ შეუსრულებიათ ის შეთანხმება, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით გაფორმდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ჯერ კიდევ ციხეში გვყავს პატიმარი, რომელიც გამოსაშვებია. ყველაფერი მოსალოდნელია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
29 სექტემბერს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.